English / ქართული / русский /
მაია სოსელია გიორგი ირემაშვილი
საერთაშორისო თანამშრომლობა ჯანდაცვის ტექნოლოგიების შეფასების სფეროში

ანოტაცია. ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მკაცრდება კრიტერიუმები, რომლებითაც უნდა დასაბუთდეს ამა თუ იმ სამედიცინო ტექნოლოგიების ფართო პრაქტიკული გამოყენებისა და მათი საზოგადოებრივი თანხებიდან დაფინანსების საკითხი.   დღესდღეობით ჯანდაცვის ტექნოლოგიების შეფასება (ჯტშ) პოლიტიკურად აღიარებული და სტრუქტურულად გაფორმებულია თითქმის ყველა ეკონომიკურად განვითარებულ და ბევრ განვითარებად ქვეყანაში.  ჯტშ-ს სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას თავიდან ავიცილოთ დუბლირება, განვახორციელოთ ურთიერთმომგებიანი გაცვლა იმ შემუშავებული ხერხებისა, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომს გახდის მაღალეფექტურ სამკურნალო საშუალებებს, სამედიცინო ტექნოლოგიებს და ა.შ..

 საკვანძო სიტყვები: ჯანდაცვის ტექნოლოგიების შეფასება; ჯანდაცვის ტექნოლოგიების შეფასების  ეფექტურობა;  ჯანდაცვის ტექნოლოგიების შეფასების  სფეროში არსებული საერთაშორისო გაერთიანებები. 

შესავალი 

  მე-20 საუკუნის ბოლოდან, წამყვანი ქვეყნების უმეტესობაში შეიქმნა ჯტშ ეროვნული სააგენტოები და ინსტიტუტები. რიგ ქვეყნებში, მაგ., პოლონეთში ეს სააგენტოები სახელმწიფო სტრუქტურას წარმოადგენენ და ჯანდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედიან. სხვაგან, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ისინი დამოუკიდებელ ორგანიზაციებად ითვლებიან, თუმცა ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე არსებობს ჯტშ-ს სტრუქტურები, რომლებსაც კომბინირებული დაფინანსება აქვთ, ან ფინანსდებიან კერძო წყაროებიდან. ზოგ ქვეყანაში (მაგ: გერმანია, შვედეთი) ერთდროულად არსებობს რამდენიმე სააგენტო და სტრუქტურა, რომლებიც ჯტშ-ს საკითხებით არიან დაკავებული. მიუხედავად განსხვავებული მიდგომებისა, მათი საერთო მიზანია მოამზადონ სანდო კლინიკური ეკონომიკური მონაცემები და მიაწოდონ ეს ინფორმაცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

სხვადასხვა ქვეყნების ჯტშ-ს სისტემების თავისებურებები

  ჯტშ ყველა ქვეყანაში დამოუკიდებელი პროცესია და მას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის გარკვეული თავისებურებები აქვს. სამედიცინო ტექნოლოგიების ბაზარზე ხელმისაწვდომობის, მათი ღირებულებების ანაზღაურების და ფასწარმოების საკითხებზე გადაწყვეტილებებს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე იღებენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ერთსა და იმავე ტექნოლოგიებზე სხვადასხვა გადაწყვეტილებებს იღებენ; თუმცა, ჯანდაცვის ტექნოლოგიების შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს თანხვედრისა და უნიფიკაციის ტენდენცია გააჩნიათ. ხუთი ქვეყნის მაგალითზე (კანადა, ნიდერლანდები, შვედეთი, ინგლისი და ავსტრალია) ჩატარებულმა კვლევებმა, რომელიც ეხებოდა ჯანდაცვის ტექნოლოგიების შეფასების სახელმძღვანელო პრინციპებს, გვაჩვენა, რომ ჯტშ-ს დებულებების უმეტესი ნაწილის მიმართ სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელთა მიდგომა დაახლოებით ერთნაირია. თუმცა მეთოდოლოგიური პრინციპებისა და მიდგომების თანხვედრის მიუხედავად, სხვადასხვა ქვეყანაში ჯტშ-ს ანგარიშის შედგენის სტანდარტებში შეინიშნება მნიშვნელოვანი განსხვავებებიც, რაც ართულებს ინფორმაციის გაცვლის პროცესს და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ვადებს ახანგრძლივებს. რიგი წამყვანი ქვეყნების პრაქტიკაში, ამ საკითხების გადაწყვეტა ხდება სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების და თანამედროვე კლინიკური და ეკონომიკური მონაცემების გადმოტანით, ანუ გადმოაქვთ არა მხოლოდ კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მონაცემები, რომლებიც ქვეყნების სპეციფიკებიდან გამომდინარე ნაწილობრივ განსხვავდება, არამედ ეკონომიკური მონაცემებიც. ასეთი მიდგომა გვაძლევს ადეკვატური და დასაბუთებული დასკვნის მომზადების დაჩქარების საშუალებას და ბაზარს უზრუნველყოფს ახალი და თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ჯტშ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა.  ცაკლეული ქვეყნების, პირველ რიგში კი ევროპულების, მაკონტროლებელი და სანებართვო სისტემების ფუნქციებისა და პროცედურების იდენტურობამ ხელი შეუწყო კლინიკური ექსპერტიზის სტანდარტიზაციას და 1990 წელს სამკურნალო საშუალებების ევროპული სააგენტო (EMA - The European Medicines Agency) შეიქმნა. ამ სააგენტოს მისიაა - ხელი შეუწყოს სამეცნიერო სრულყოფილებას მედიკამენტების შეფასების და ზედამხედველობის სფეროში, ევროკავშირში საზოგადოებისა და ცხოველების ჯანმრთელობის სასარგებლოდ. EMA ზესახელმწიოებრივი ორგანოა, რომელსაც ხელეწიფება ერთიანი მეთოდოლოგიური ბაზის გამოყენებით ჩაატაროს სამკურნალო საშუალებათა რეგისტრაციამდელი ექსპერტიზა და გადაწყვიტოს ევროკავშირის ტერიტორიაზე ამ საშუალებების დაშვების ან არ დაშვების საკითხი. რეგისტრაციამდელი ექსპერტიზის წესების სტანდარტიზაციამ ხელი შეუწყო სამკურნალო საშუალებათა ბაზარზე გამოსვლის დროის შემცირებას და მათზე ხელმისაწვდომობას. თუმცა რეგისტრაციამდელი ექსპერტიზა პირველი ეტაპია. მეორე ეტაპს წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიების ჩართვა ანაზღაურების პროგრამაში და მათზე ფასების დადგენა. მეორე ეტაპის კონტროლისთვის არ არსებობს EMA-ს მსგავსი ორგანიზაცია, რადგან ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ პრეპარატების დანერგვის საკითხის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე ინდივიდუალურად უნდა იქნეს მიღებული. მნიშვნელოვნად ითვლება, რომ ჯტშ-ს შედეგები ყველა ქვეყანაში დამოუკიდებლად უნდა იქნას მიღებული და არ უნდა იყოს დაკავშირებული მხოლოდ ლიცენზირებასთან. ჯტშ-ს სააგენტოები, მარგულირებელი სამსახურები და დამფინანსებლებიც ინსიტუციონალურად ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული. ამგვარად, ჯტშ-ს სტრატეგია  გამორიცხავს ბაზარზე დაშვების, ანაზღაურების და ფასწარმოქმნის შესახებ გადაწყვეტილებების ჰარმონიზაციას.

   ჯტშ-ს ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების უნიფიცირება ხდება ორი ფაქტორიდან გამომდინარე:

  • · პირველი ფაქტორია „ქვევიდან“ გაძლიერებული ინტეგრაციული პროცესები, ტექნოლოგიათა შეფასებებისათვის უფრო რაციონალური და ეფექტური მეთოდების დანერგვა, ამ ტექნოლოგიების მიერ მოტანილი შედეგების პრაქტიკული გამოყენების ახალი ფორმები და საკადრო თუ საორგანიზაციო ძალების მომზადების თანამედროვე სისტემები.
  • · მეორე ფაქტორია მხარდაჭერა „ზემოდან“, ანუ ხელმძღვანელობის პოლიტიკური ნება.

          ჯტშ-ს განვითარებას აქტიურად უწყობენ ხელს ისეთი მსოფლიო მნიშვნელობის ორგანიზაციები, როგორებიცაა ჯანმო და მსოფლიო ბანკი. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა სახელმწიფოთა ჯანდაცვის სამინისტროებთან და ამ სფეროს პროფესიულ გაერთიანებებთან.

ჯტშ-ს სფეროში არსებული საერთაშორისო გაერთიანებები

         - ამ  სფეროში ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებამ გამოიწვია ჯანდაცვის ტექნოლოგიების შეფასების  საერთაშორისო ასოციაციების, სააგენტოების და ორგანიზაციების რიცხვის ზრდა. მათში გაწევრიანდნენ სახელმწიფო და დამოუკიდებელი ეროვნული სააგენტოები, უნივერსიტეტები, კვლევითი ორგანიზაციები და ცენტრები. პროცესში საერთაშორისო გაერთიანებების მონაწილეობა ხელს უწყობს უფრო მეტ გამჭვირვალობას, ჯტშ-ს ეფექტურობას და მისი პრაქტიკული საქმიანობის გაძლიერებას. ისინი ახდენენ სტანდარტიზებული მეთოდური რეკომენდაციების სრულყოფისა და მათი დანერგვის გზით. ეს რეკომენდაციები უნდა ასახავდეს ყველაზე თანამედროვე და შედეგიან საერთაშორისო გამოცდილებას.

          ჯანდაცვის ტექნოლოგიების შეფასების სფეროში რამოდენიმე ცნობილი გაერთიანებაა. მაგალითად:

  • · INAHTA (The International Network of Agencies for Health Technology Assessment) – ჯტშ-ს სააგენტოების საერთაშორისო ქსელი, რომელიც 1993 წელს დაარსდა. ყველა წევრი დაფინანსებულია საჯაროდ, არაკომერციული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც აწარმოებენ ჯტშ-ს და დაკავშირებული არიან რეგიონალურ ან ეროვნულ მთავრობასთან. INAHTA არის ქსელი, რომელიც აკავშირებს ჯტშ სააგენტოებს ერთმანეთთან ცოდნის გაზიარების და ინფორმაციის გაცვლის ხელშესაწყობად, ასევე წარმოადგენს ამავე სააგენტოების სხვა ინტერესების იდენტიფიკაციისა და პოპულარიზაციის პლატფორმას. ამ ორგანიზაციის წევრია 50-ზე მეტი სააგენტო 30 ქვეყნიდან, რომელნიც ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში და ავსტრალიაში მდებარეობენ.
  • · ISPOR (The Professional Society for Health Economics and Outcomes Research) - მისი მიზანია ჯანდაცვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გაუმჯობესება. მათ მიაჩნიათ, რომ ჯანდაცვის ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს დაფუძნებული საუკეთესო სამეცნიერო კვლევებზე.  ამ მიზნის მისაღწევად, საზოგადოების მისიაა ხელი შეუწყოს ჯანდაცვის ეკონომიკას და შედეგების კვლევას, ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ISPOR - პროფესიონალური საზოგადოება ჯანმრთელობის ეკონომიკისა და შედეგების კვლევის სფეროში (HEOR) - არის საერთაშორისო, მრავალმხრივი და არაკომერციული ორგანიზაცია. საზოგადოება წამყვანი წყაროა სამეცნიერო კონფერენციების, რეცენზირებული და MEDLINE® ინდექსირებული პუბლიკაციების, კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელოს, განათლების, თანამშრომლობისა და HEOR-ის ინსტრუმენტების / რესურსების. HEOR-ის სფეროს მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, ISPOR-ის საზოგადოება გაფართოვდა 14000 ინდივიდუალური წევრამდე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან. საზოგადოების წევრობა მოიცავს ჯანდაცვის დაინტერესებული მხარეების მრავალფეროვნებას, მათ შორის მკვლევარებსა და აკადემიკოსებს, შემფასებლებს და მარეგულირებლებს, გადამხდელებსა და პოლიტიკის შემქმნელებს, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ინდუსტრიას, ჯანდაცვის პროვაიდერებს და პაციენტთა ჩართულ ორგანიზაციებს. საზოგადოება 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებობს როგორც მიუკერძოებელი რესურსი და ამ სფეროში ინოვაციების კატალიზატორი. ეს ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს კონფერენციებს თავისი წევრებისათვის აშშ-ში, ევოპის და აზიის ქვეყნებში.
  • · HTAi (Health Technology Assessment international) - არის გლობალური, არაკომერციული, სამეცნიერო და პროფესიული საზოგადოება ყველასათვის, ვინც აწარმოებს, იყენებს ან ინტერესდება ჯანმრთელობის ტექნოლოგიის შეფასებას (HTA). ჩვენ წარმოვადგენთ 82 ორგანიზაციას და 2500-ზე მეტ ინდივიდუალურ წევრს მსოფლიოს 65 ქვეყნიდან. HTAi - არის ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს, რომლებსაც აქვთ ინტერესები ჯტშ– ში. ეს დაინტერესებული მხარეები მოიცავს მკვლევარებს, პოლიტიკის შემქმნელებს, ინდუსტრიას, აკადემიას, ჯანმრთელობის სერვისის პროვაიდერებს, სააგენტოებსა და პაციენტებს. ისინი ხელს უწყობენ ჯტშ-ს გარშემო დაბალანსებულ განხილვებს პრაქტიკისა და იურისდიქციის სხვადასხვა სფეროში. HTAi დაარსდა 2003 წელს, კანდორში, ალბერტა, კანადა, სადაც შედგა პირველი ყოველწლიური შეხვედრა. წლების შემდეგ, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი წევრების ბაზა, ხელი შევუწყოთ HTA სწავლებას გლობალურად ყოველწლიური შეხვედრების, პოლიტიკის ფორუმებისა და ათი ინტერესის ჯგუფის მეშვეობით. HTAi-ს დაარსებამდე, ჯანდაცვის საერთაშორისო საზოგადოების ტექნოლოგიური შეფასება (ISTAHC) დაარსდა 1984 წელს, მოგვიანებით კი 2000-იანი წლების დასაწყისში დაიშალა. ამჟამად HTAi-ს მართავს არჩეული დირექტორთა საბჭო, რომელსაც მხარს უჭერს აღმასრულებელი კომიტეტი, რამდენიმე მრჩეველთა კომიტეტი, სამუშაო ჯგუფები და სამდივნო. არსებობს სამი პოლიტიკის ფორუმი: გლობალური პოლიტიკის ფორუმი იყო პირველი, რომელიც შეიქმნა 2007 წელს, აზიის პოლიტიკის ფორუმი იყო მეორე და იგი დაარსდა 2013 წელს, და ლათინური ამერიკის პოლიტიკის ფორუმი იყო მესამე, რომელიც შეიქმნა 2016 წელს. ეს ფორუმები იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს ჯტშ-ს სფეროში გლობალური წარმომადგენლებისათვის სტრატეგიული დისკუსიების წარმოებისთვის ამ სფეროს ამჟამინდელი მდგომარეობისა და მისი განვითარების შესახებ.
  • · EUnetHTA – ამ ორგანიზაციამ გააერთიანა არა მარტო წამყვანი ევროპული სააგენტოები, არამედ იმ ქვეყნების ჯტშ სფეროში მომუშავე მკვლევართა ჯგუფებიც, სადაც ფორმალური სააგენტოები არ იყო შექმნილი. ქსელში 34 ქვეყნის 60-ზე მეტი ორგანიზაცია შედის. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ჯტშ-ს მნიშვნელობის გაზრდა ევროპის ჯანდაცვის პოლიტიკაში და მისი დანერგვა იმ სახელმწიფოებში, სადაც ამ სფეროში ნაკლები გამოცდილება აქვთ. 

დასკვნა 

ჯტშ დღეს მთელ მსოფლიოში შეზღუდული სახსრების ეფექტური ხარჯვის წარმატებული ინსტრუმენტია და ხელს უწყობს სამკურნალო პრეპარატებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების შეზღუდულ და მიზნობრივ პროგრამებში ჩასართავად მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობას და მკაცრ დასაბუთებას, ვინაიდან ეს პროგრამები ჯანდაცვის სისტემის თანხებიდან ფინანსდბა. ჯტშ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ გავლენას ახდენს ჯანდაცვის პოლიტიკაზე. ყველა ქვეყანა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ღირებულების ანაზღაურების ან დაფინანსების საკითხებს; თუმცა ჯანდაცვის ტექნოლოგიების შეფასების  სფეროში სტაბილური და განვითარებადი თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია მივაღწიოთ მისი ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიური პრინციპების, ასევე ანგარიშებისა და სახელმძღვანელოების სტანდარტების დახვეწას, მათი ხარისხისა და სანდოობის ამაღლებას და ახალი პერსპექტიული ტექნოლოგიების ბაზარზე დროულ და შეუფერხებელ გამოჩენას. ევროპასა და ზოგადად, მთელს მსოფლიოში ჯტშ-ს სფეროში აქტიურად განვითარებადი თანამშრომლობა, საერთაშორისო ასოციაციების შექმნა, ხელს უწყობს ზემოთ დასახელებული ამოცანების გადაწყვეტას. ამავე დროს, ქვეყნები, რომელნიც ამ სფეროს მხოლოდ ახლა ეცნობიან, იღებენ ბრწყინვალე საშუალებას გამოიყენონ ეს საერთაშორისო გამოცდილება და თავიდან აიცილონ საკუთარ შეცდომებზე სწავლის გამოცდილება. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. Sorenson C. The role of HTA in coverage and pricing decisions: A crosscountry comparison. Euro Observer. The Health Policy Bulletin of the European Observatory on Health Systems and Policies. 2009;
  2. Kristensen F.B., Lampe K., Chase D., Lee-Robin S. H., Wild C., Moharra M., Garrido M. V., Nielsen С. З., Rottingen J., Neikter S. A. Bistrup M. L. Practical tools and methods for health technology assessment in Europe: Structures, methodologies, and tools developed by the European network for Health Technology Assessment, EUnetHTA. International Journal of Technology Assessment in Health Care, 2009;
  3. Wildson T., Serota A. Comparative analysis of the role and impact of Health Technology Assessment. Charles River Associates, May 2011
  4. Kristensen F. B., Marjuka M., Garrido M. V., Anttila H., Autti-Ramo, Ilona, Hicks N. J., Hofmann B., Koivisto J., Kunz R., Karki P., Malvivaara A., Meiesaar K. The HTA Core Model: A novel method for producing and reporting health technology assessments. International Journal of Technology Assessment in Health Care. 2009